среда, 19 декабря 2018 г.

ქუთაისი პოეტების საუფლო

 

                                                   
   ქუთაისი - პოეტების საუფლო, ბაღის კიდე-პოეტების საფიხვნო, უქიმერიონი-პოეტთა ოლიმპო და, გადაჭარბებად თუ არავინ ჩამითვლის, მთლად ქუთაისი, ნაბიჯ-ნაბიჯ რომ დაიარო, კენჭსაც ვერ იპოვი, პოეზიით არ სუნთქავდეს.
     რამდენი პოეტური აკვანი დარწეულა ქუთაისში, რამდენი შვიდფეროვანი სარტყელი ცისა ოქროდ ჩაღვრილა სტრიქონებში. აქ წვიმის ხმასაც კი სხვანაირად ისმენ, თითქოს მგოსანთა სიტყვები მოსჩქეფსო.
     ქუთაისი - სავარდო და სამაისო ქალაქი, არგონავტების მითური ადგილი, რიონის ტალღებთან შეჭიდებული არგო, კოლხი მედეა, სატახტო ქალაქი, მუზების საუფლო... ბაგრატი და გელათი, მოწამეთა და გეგუთი, უქიმერიონი და სათაფლია, მსოფლიო მოგზაურთა შეფასებანი და მაინც ყურადღებას მივაპყრობ ჩვენი ქალაქის წიაღში დაბადებულ-აღზრდილთ, რომელთაც ქუთაისი თავიანთი ლექსის ემბაზად მიუჩნევიათ.
     ქუთაისო, ქუთაისო, შენთან არის ჩემი გული...

  

Add caption




     ბევრი სადიდებელი ისმის სიმღერად, ქებად, მაგრამ რამდენიმე ავტორი წარმოვადგინე ცეცხლოვანი სტრიქონებით, მოწოდებით და, ჩემი მიზანია, პატარა მოკრძალებული წვლილი მეც შევიტანო ჩემი ქალაქის სიყვარულში...
    პირველი მაინც გალაკტიონია, თუნდაც იმიტომ, რომ პოეტთა მეფე ჩემი სკოლის სიამაყეა






      ,,წყალტუბოდან ქუთაისში მიმავალი ქარი“ - მარადიულ მუსიკად ეღვრება ქალაქის შემოგარენს.მაისის ქუთაისი არასდროს ივიწყებს მათ, ვინც სიტყვითა თუ საქმით ალამაზებდა მის ცხოვრებას.


   ,,ცისფერყანწელები“-ქართველ პოეტთა და პროზაიკოსთა შემოქმედებითი გაერთიანება, რომელიც 1920-იან წლებში ქართულ  ლიტერატირაში დომინირებდა, დაარსეს ახალგაზრდა მწერლებმა ქუთაისში 1916წ. ქუთაისი ხომ ქართული აზროვნების ცენტრს წარმოადგენდა ოდითგან. მიმდინარეობის წევრები იყვნენ: ტიციან ტაბიძე, პაოლო იაშვილი, ვალერიან გაფრინდაშვილი, კოლაუ ნადირაძე და სხვა. გალაკტიონ ტაბიძეც ამ ჯგუფთან  ასოცირდებოდა თავიდან, მოგვიანებით მან ეს გუნდი დატოვა.

    თუ ვაჟკაცობა პოეტს არ ახლავს,
    თუ გულწრფელობა ლექსს არ ატირებს,
    შთამომავლობა მის კვალს დაჰკარგავს
    და ეს არავის არ გააკირვებს - ასე აფასებს ტიციან ტაბიძე მართალ მესიტყვესა და მის ნაღვაწს. მართლაც, იქმნებოდა ლექსი, მშვენიერებასთან წილნაყარი...

    გალაკტიონ ტაბიძე, მეფე პოეზიისა, სიყვარულის წილ სიყვარულს სთავაზობს თავისი სიყრმის ქალაქს, ლექსი, რომელიც უმალ სიმღერად იქცა და ხმატკბილ მელოდიად მოეფინა ქალაქს:
     თუ მაისის ქუთაისმა
                გკითხოს, ვინა ხარო -
     უპასუხე, რომ სუნთქვა ხარ,
               არ  უთხრა კი-ვისი,
     ისეც იგრძნობს ქუთაისი,
                                ჩემი ქუთაისი! 
              
                                                        
პაოლო იაშვილი ქუთაისს უწოდებდა ,,ლექსთა საგანს“
      მახსოვს, იყავი ლამაზი დიდად
      და ჩახატული სავსე მთვარეში:
      ამ სილამაზეს აკაკი ზრდიდა,
      გატაცებული შენი ფარეში“...
                                                      (ქუთაისისთვის)

       დიდი აკაკი-საქართველოს გასხივოსნება,ერის დიდება, თვით პოეზია ცეცხლით მოვიდა და მელოდიად იქცა.




      აქ, ამ წიღში, განისვენებს მამია გურიელი, ჟღერს მოწოდებად მისი სიტყვები: ,,გახსოვდეს, რომ ხარ ადამიანი!“

 კოლაუ ნადირაძე, ერთ-ერთი ცისფერყანწელი, ქუთაისის სადიდებლად თქმულ ლექსთა ავტორი, თავისთავადი ხმის პოეტი.
          მეწამულ ფერით იღებება ზეცის კიდური,
          ლალსა და ბადახშს ვიღაც აფრქვევს ღრუბლებზე უხვად,
          რიონის ველი იისფერად ჩანს დაბინდული
          და შორით მთები ჩაძირულან ლაჟვარდში უხმოდ.
    ზეცა კრიალა ზოგჯერ იბინდებოდა, პოეტის გულიც სევდიანდებოდა, მაგრამ ვარდებისა და სიცოცხლის ქალაქი არასდროს ტოვებდა გულგრილს მნახველს და დღესასწაულად იქცეოდა მასთან ყოველი შეხვედრა. ქუთაისის ჰიმნად აღიქმება ლექსი ,,ხოტბა ქუთაისს:“
          შენ ხარ ცხოვრების დღესასწაული,
          რომელიც მუდამ წინ მელოდება...
          თვალწარმტაცია შენი ხედები,
          ცეცხლია შენი სულისკვეთება,
          შენ ხარ სიზმარი აუხდენელი,
          ცხადზე მეტად რომ მეიმედება.

    ბალახვანი, რიონის ჭალა, ისევ ბაგრატი-მარადიული განძი ქართველთა, გურიელთან გასაუბრება-ყველაფერს იტევს მისი პოეზია. წარსული, აწმყო თუ მომავალი-ეს შთაგონებაა, რომელსაც ასე უშურველად აწვდის ეს ჯადოსნური საუფლო პოეტს, რომელსაც შეუძლია ასეთი საოცარი მგრძნობელობით უმღეროს მას:
        ჩვენი ჟამთასვლის, ჩვენი ადათის,
        ჩვენი კაცობის დედაქალაქო...
      საქართველოს ქალაქების თმაჭაღარა თამადა, თამარის სასახლის მიწის სევდად გაჩენილი ნანგრევების წმინდა ცრემლის საიდუმლო, ყვავილთა სინაზე და შრიალი, ფერთა ციმციმი, ,,ხელაპყრობით ჩაგვემუხლოს თამარ მეფის სამარესთან“...

  ქუთაისში ერთ-ერთ სახლს მემორიალური დაფა ამშვენებს:
,,ამ სახლში 1918 წელს დაიბადა ლადო ასათიანი“. მარადიულ ჭაბუკად შთენილ ლადოს ქუთაისის ხატების მუზად, პოეტურ ქნარად ეზმანებოდა და იძერწებოდა სტრიქონები, საგალობლად რომ ეფინებოდა ცაცხვების ხეივანს, ბაგრატს, უქიმერიონს... მისი პირველი ლექსიც აქ დაიბეჭდა.
      ადრე წასული კაცის ფიქრები, ტყემლების ფიფქთან ვნებიანი მზის ელვარება ნუსხავდა პოეტს.
       ცისფერი კაფე ,,რიონის პირად“, ჩაის ვარდები...
              იფეთქებს ფიქრი, ვით ჩაის ბოლი,
              დაეძებს ლანდებს და ია-ვარდებს,
              შეუერთდება რიონის რონინს
              და ლაჟვარდებში გაინავარდებს...
ესაა სიტყვის ძალა და მადლი...
        საქართველოს მთებში გაჩენილი ,, სიყვარულის,ლექსის სადღეგრძელოს“ ენით წერდა იგი სამშობლოზე, ცხრა ძმა ხერხეულიძესა თუ სამ არაგველზე, მაგრამ ქუთაისის მიმართ განსაკუთრებულ სიყვარულს გრძნობდა, ეს ქალაქი ხომ მისი პოეტური ემბაზი იყო...
                    ...ზევით ცა მხურავს კრიალა, ღია...
           დაფნითა და პალმებით, რაჭა-იმერეთის ჯაჭვის ხიდისა და ლურჯად ფაფარაშლილი რიონით ხიბლავდა და ხიბლავს ქუთაისი ქართული სიტყვის მესვეურთ, მაგრამ ეს ადრეწასული კაცია:
                       ,,ქუჩას პალმა და ყვავილი ჰფარავს,
                         მე აქ დავწერე ლექსი პირველი,
                         ვარდებსაც ესმით ამ გულის ფეთქვა
                         ვარ ამ ვარდების გულთამხილველი.“
    ზამთრის დილა ქუთაისში,გორაკებიდან უკვე მოქრის იების სურნელი...თეთრი ტყემლების ჯარი, ნაბიჯ-ნაბიჯ, ბილიკ-ბილიკ, ხევდახევ დაგემოვნებული ცაცხვების ხეივანი, ბაგრატი, უქიმერიონი და ლოცვადაღვლენილი ხმა:
     ,,ჩემი ქუთაისი,                             თბილისიც ხომ მიყვარს,
      ალბათ, იცით, რაა,                            ქუთაისი სხვაა-
      იქ ტყემალი ყვავის,                      დათეშიძის გორა
      იქ კრიალა ცაა...                                ოცნებათა ზღვაა!
     შრიალებს ფეხქვეშ ყვავილთა ფარჩა და იბადება გოეთეს ,,მინიონის“ მსგავსი ექსპრომტი:
       იცი ეს მხარე-ტყემლის ფიფქით გადაპენტილი,
       სადაც ბაგრატის ტაძარს სძინავს მეფური ძახილით,
       უქიმერიონს დაჰფარფატებს ნიავი ნაზი,
       შრიალებს დაფნა, ჩახვევია ხეს უსურვაზი,-
       იცნობ ამ მხარეს? თუ გინახავს შენ ეს მიდამო?
       იქითკენ წამო, ჩემო კარგო, იქითკენ წამო!“
   ეს ქუთაისის ერთ-ერთი მშვენიერი და უძველესი უბნის-გორას-ზღაპრული ხედებია...
      ძველი და ახალი ქუთაისი, ,,ჩუქურთმა ქვაზე ამოქარგული“ ლადოსთვის მზეში გაფრენილ შევარდენს ჰგავდა“, კაცი, მართალი და ახოვანი, ვინც ქალაქს სიცოცხლით ავსებდა, მასზე ზრუნავდა... ვინც არ უნდა ყოფილიყო იგი-უბრალო მეეზოვე, ჩუქურთმის მჭრელი თუ ,,დიდი კაცი“, ბავშვი თუ ქალი, ძვირფასი იყო პოეტისათვის, თუ მას სიკეთით უძგერდა გული...
 რიონის პირად შფოთავს ქალაქი, ათას ჭირსა და ლხინში         ნაქები,
  ყოველ ახალწელს საგულდაგულოდ განათლებული ჩიჩილაკებით,
   მის განთიადებს ნუ დაივიწყებ და არასოდეს არ დაბერდები.
        
       ბაგრატის  ტაძრის შემოგარენი, ე.წ ,,არქიელის გორა“ ხიბლავდა ჭაბუკს, საქართველოს მთების ბუმბერაზ შვილთა ვაჟა-ფშაველასა და ალ.ყაზბეგის სახელებიც ამშვენებსო. ,,წრფელი გულით, ცხელი გულით“ ნამღერი კვალად ამჩნევია სატახტო ქალაქს,ლამაზ სიცოცხლეთა და სიყვარულად შენთებია მის ცასა და მიწას.
      ლ.ასათიანის ლირიკა გამსჭვალულია მძაფრი პოეტური მღელვარებით, ღრმა ლირიზმით, უშუალობით. შთაგონება ძლიერდება ბაგრატის ტაძრიდან დანახული გელათითა და ხვამლით. მას არ დასცალდა შთაგონების დავაჟკაცება, მაგრამ... მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, მისი პოეზიის ,,კვალი მიწას აჩნია, ვით ნაფეხური დინოზავრების“ –
              ,,იმდენჯერ მეთქვა ლექსი მაგარი,
                რამდენჯერ მე არ მინავარდია,
                მინახავს ხალხის ნაამაგარი,
                ეხლაც ვუღიმი ქალაქს ვარდიანს.“ 
  
                                                 
    ,,ბუმბერაზ ტაძრებს ჰგვანან  ჩვენი წინაპარი სულმნათი მგოსნები, ჩვენ კი პატარა კენჭებს ამ ტაძრების ჩრდილში“- ოთარ მამფორიას  პოეტური თავმდაბლობით ნათქვამია, თორემ მამულის საკურთხეველთან ამღერებული თითოეული სიტყვა, მართლაც, მუზის ღმერთთან მავედრებელი კაცის ღაღადისია.
        ჩაგხვევია სათაფლია დაცვარული გედივით,
        მკერდზე მტრედად  დაგფრენია ხვამლის თეთრი მერდინი...“
     ეს ქუთაისია, რომელსაც ,,საკოცნელად ეპარება სუნთქვა გალაკტიონის,“ საუკუნეთა გრიალში გამობრძმედილი, ,,გეგუთს გატყორცნილი ისარი-“ დავიწყების ზეცა რომ არასდროს დანისლავს.
     გელათიდან ვარსკვლავები თავზე ელვად გეღვრება,
     ჩანს ბაგრატის ნანგრევები უკვდავ გმირთა ძეგლებად...
   სტრიქონები მარადიულ დიდებად შენივთებია, თაყვანისცემად აღვლენილა და ლოცვად დაღვრილა ჩემი ქალაქის ქუჩებში.
     ქუთაისო-ნატვრის თვალო, ეს მზე მარად გფარავდეს,
     ვინც სიბერე გაგიხაროს, შენებრ გაჭაღარავდეს...
  არ ყოფილა ჩვენს ქალაქში მოვლენა, პოეტის მართალ ქნარზე არ აჟღერებულიყოს. კუტაია თუ ქუთათისი, ბუნების წარმტაცი პეიზაჟები თუ ისტორიული ნანგრევები-ყველა ერთად და ცალცალკე ეს ჩვენი მამულია, სამშობლო მშობლის მკერდიდან იწყება და, რა საკვირველია, რომ ოთარ მამფორიას შემოქმედებაში განსაკუთრებული ადგილი ეჭიროს ,,რიონის ჩქერის ჩხრიალს“, ,,ბალღობის ძახილს“, ბაგრატის ტაძარს, ,,სიჭაბუკის ბედაურს“, ,,ფიქრთა მარხილებს“ და, ზოგადად, ქუთაისს.

                                                 
  ,,მშობელო ქალაქო, ჩემო გადია“, - ასე უწოდებს ქუთაისს პოეტი -ოთარ მამფორია.
       ,,ლამაზი ქალაქი ქვეყნად ბევრია
          საფიცრად ერთია ჩემი ქალაქი.“
     უკვდავია პოეტის სტრიქონები, გარდასულ დღეთა ლურჯი ზმანებით გაჯერებული, ქუთაისის სადიდებელი ძველი საყდრის დახავსებული ლოდის საზეოდ აღვლენილი თუ რიონის ბობოქარ ტალღებში ფოლიანტებად ჩაცვენილი...
             ,,ქუთაისი,ქუთაისი-ცის და მიწის ალერსი,
               პოეზიის წმინდა სისხლი...ქართული ლექსის ტრფიალი...“
       ტახტი აქ ედგა მეფეთა... სიკვდილამდე მხსნელად და მცველად ედგნენ ჩვენს ტურფა ქალაქს, იბრძოდნენ, იმარჯვებდნენ თუ მარცხებოდნენ, სიცოცხლე კვლავ გრძელდებოდა, ქალაქი, სატახტო და უძველესი, კვლავაც მხნეობდა.
           ქუთაისი იღვიძებდა-
           იმერეთის ედემი...
           ბალახვანი, საფიჩხია,
           ჭომა, მწვანეყვავილა...
        კარანაძის ცხენები... ბედის ჭენება-ქუთაისის ყველა კუთხეს ემჩნევა ამბორი უკვდავი პოეტისა.
            რიონს ვკოცნი თეთრ ხიდიდან,
            შიგ-ვარსკვლავთა ნაღვერდლებს
         ქუთაისის მესიტყვე ანდერძივით გვიბარებს, გვიყვარდეს ჩვენი ქალაქი, ვიზრუნოთ მისი კეთილდღეობისთვის.



       სანთლებს ანთებდა მათი ნაცნობი
       გვიან მოსული მარადისობა.
    პოეტი თითქოს ანდერძად გვიტოვებს - ვუერთგულოთ უკვდავ ფასეულობებს, ,,უკვდავება თვალებღია და სიკვდილი დაფლეთილი“ მხოლოდ მაშინ იქმნება ,,თუ სიცოცხლისა და სამყაროს პირველი გაკვეთილი“ მარადიულ ღირებულებად აღიქმნება და პირველქმნილი მშვენიერება ცასა და მიწას შეენივთება.
      1969 წელს დაიწერა ლექსი ,,სათაფლიას,“ რომელიც ერთხელ კიდევ გვაგრძნობინებს მოხუცი პეტრე ჭაბუკიანის ღვაწლს. თვალნათლივ ვხედავთ გაქვავებულ ნატერფალზე ჩაციებულ მზერას, ვისმენთ სიბრძნით დათაფლულ სიტყვებს:
             ,,მთებო, ცხენი დამირახტეთ, ამ გვირაბში გავქანდები,
               ვით ავაზა შემომიხტეს  დინოზავრის ნაკვალევი,
               ოღონდ მამულს შეემატოს, მეც მასავით გავქვავდები“...
        თითოეული ლოდი თუ კენჭი ქვეყნის ისტორიაა, ქუთაისის მშვენიერებასთან შერწყმული.
                 ,,მოკვდეს ოქროს მაძებარი,ნურც ყოლია მომტირალი,
                   მაგრამ სულ სხვა განძი არი, აქ რომ ცივი ლოდი არი
                   და ნაწვიმარ ბალახებში ყვავილების ბოდიალი...“
         გაბრწყინებული ცა, შმაგი რიონი, უძველესი ჯაჭვის ხიდი,
,,მოდის , იმღერის ისევ რიონი, თან იმერულად თავაზიანობს...“
  ,,ქუთაისია ქუთაისია“ და დღეს ისევ ელის მართალ მესიტყვეს, ქომაგს...სევდად მიჰყვება ყველა ქუთათურს ,,ცისფერ ყანწის ეშხით“ აელვარებული ქუთაისის ბაღი, თეთრი თუ წითელი ხიდი, თეთრი ტყემლების ჯარი, ბალახვანის ქარი - და ამ ერთი პოეტის ეს  უკიდეგანო სიყვარული ეყოფოდა ქებად ჩემს ლამაზ ქალაქს...
      
                                                        
     იოსებ ნონეშვილის ლექსი ,,ქუთაისური“ ხომ, მართლაც, ქუთაისურ მასპინძლობას, შეხვედრასა და თავმოწონებას ეხმიანება. აქ ჩანს ყველაფერი, რითაც ვამაყობთ, რისთვისაც ვზრუნავთ, რაც გვეიმედება.
              აქ ბაგრატის სხივი ელავს,
              აქ გელათი შუქში ცურავს,
              აქ დავითმა სულ პირველად
              მკლავი გაიმამაცურა...
      ადრე სატახტო ქალაქი, დღეს_საპარლამენტო, წინათ მშობელი და ნავსაყუდარი სახელოვან მამულიშვილთა...
      



   ბაღის კიდის მოსწორებულ კალამბურებში აჟღერდა აკაკი წერეთლის ნაკვესები, იღვრებოდა მელოდიად ,,სულიკო“, ,,ციცინათელა“, გუგუნებდა ,,ცა-ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტი“ და შრიალებდა ტოტები ვერხვის...
           ,,ქუთაისო, ჩვენი ერის,
             ჩვენი ქვეყნის ლაზათი ხარ,
             საქართველოს ბედნიერი,
             გემრიელი ქალაქი ხარ“.
       ვინც კი ნახავს ყვავილოვან ქუჩებსა და მწვანეში ჩაფლულ გაბაშვილის პარკს, ჩვენს ღვთიურ სიწმინდეებს განშორება გაუძნელდება ამ ჯადოსნურ სამყაროსთან და ლამის თანაავტორად მოევლინება პოეტს:
              სულ მაისის სურნელია,
              საფირონი მოაქვს რიონს...
              შენს ქუჩებში უმღერია
              აკაკის და გალაკტიონს.
იღვრება მელოდია...
               ,,ხელგაშლილი ლაღად დგახარ,
                 თავმომწონე მასპინძელი,
                 ადვილია შენი ნახვა,
                  დავიწყება არის ძნელი.“
ოთარ ჭილაძის ერთ ლექსსაც შევეხები. მისი უკვდავი სტრიქონები აცოცხლებენ ქალაქის ისტორიულ წარსულს, მემატიანეს ქალაქისას, მას ხომ ახსოვს პირველყოფილი სახე თავისი. კოლხი მედეა, არგონავტები თუ აია, ტახტის ძლიერება, ათასეული წლების წინანდელი ნაშთი სათაფლიაზე, უქიმერიონის გორის არქეოლოგიური ნამარხები, ტაძრები, პანთეონები - გარდასულ დღეთა მემატიანეები...
             ეს ყოველივე მარად უშრეტი წყაროა ხელოვანთათვის, მაგრამ ქართველ პოეტთა სასახელოდ უნდა ითქვას: თემატიკით მსგავს ლექსებში ორიგინალური ტონი და ხმა ისმის.
                ბაგრატის ტაძარი-სიწმინდე, დიდება და ისტორია ჩემი ქალაქისა - მარადიული თემაა და მაინც თვალშეუდგამ სიმაღლეზე აუყვანია. მისი შემქმნელი მეფე-მებრძოლი ოთარ ჭილაძის ოსტატურ სიტყვას.
                 სვეტის ფუძეზე ჩამომჯდარა ბაგრატის ლანდი,
                 უხმოდ, უსკიპტროდ, უგვირგვინოდ დამჯდარა იგი,
                 უხმლოდ, უსკიპტროდ, უგვირგვინოდ...ამ უძველესი
                  ტაძრის დარაჯი გეგონებათ ერთი შეხედვით...
 
                                                         
    ,,წარსულის დღეთა, დიდების დღეთა ყოველი კეთილი თანა წარიღეს? - არა, არიან თანამედროვენი, კალამი რომ უჭრით და ღირსეულადაც აგრძელებენ წინაპართა გზას.
      მათ შეუძლიათ ომახიანად უპასუხონ კითხვას.
,,ჰეი,ვინ მოდის მანდ მომავლიდან?“ - ეს ჩვენ მოვდივართ!
და მაინც მსურს ლადო ასათიანის სიტყვებით დავასრულო ქებათაქება ქუთაისისა... 
 ,,რიონის პირად კი ქუხს ქალაქი, ათას ჭირსა და ლხინში ნაგები,
    ყველგან ნახევრად ღიაა კარი და ციმციმებენ ჩიჩილაკები,
    მხოლოდ ბაგრატის ტაძრის ნანგრევნი გარინდებულან მკვდრულ მყუდროებით,
     მათ შთაგინერგეს შენ სიყვარული,ყრმაო,გარდასულ იმა დროების.“        
                                                              
                                                          
             
                                         

                
                    

      
   გამოყენებული ლიტერატურა: _ ,,ჩემი რჩეული ტომეული“-გამომცემლობა ,,პალიტრა“ 2012  
ინტერნეტი-https://www.google.ge/search?biw=1920&bih=920&tbm=isch&sa=1&ei=dA8aXOjYDuLGrgSM_4joBg&q=+%E1%83%92%E1%83%90%E1%83%91%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1+%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%99%E1%83%98&oq=+%E1%83%92%E1%83%90%E1%83%91%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1+%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%99%E1%83%98&gs_l=img.3..35i39.5463.5463..9033...0.0..0.106.106.0j1......1....1..gws-wiz-img.jtfQ59JsA30


пятница, 28 апреля 2017 г.

,,უქიმერიონი"

                                                     ,,გაიცანი ჩემი ქალაქი"

ქუთაისი, როგორც ქალაქი, უძველესი, უმდიდრესი და უმშვენიერესია, არგონავტების მითზე აგებული პოემა ,,არგონავტიკა“ გადმოგვცემს ელინთა ლაშქრობას იასონის მეთაურობით აია-კოლხეთში, ოქროს საწმისის მოსაპოვებლად. მასში აღწერილია კოლხეთი (აია) და პირველადაა მოხსენიებული მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქი კუტაია  (ქუთაისი)-ეს მითი კი ძვ. წ.II ათასწლეულის I ნახევრის ძეგლია, ამდენად ქუთაია თუ კუტაია უზველესი ქალაქია, ერთ დროს საქართველოს სატახტო ქალაქადაც ითვლებოდა. მდიდარი ტრადიციებით, განუმეორებელი მშვენიერებით, სავარდო და სამაისო ქუთაისი იზიდავს ტურისტს და ქვეყნის აღმშენებლობაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს...
 ქუთაისის წარსულ დიდებაზე ღაღადებს გელათი და მოწამეთა, ბაგრატი და უქიმერიონი; დიდებული მდიდარი განძსაცავი, მატერიალური და სულიერი კულტურის ძეგლები გვესაუბრებიან ქართული ოქრომჭედლობის უნიკალურ ნიმუშებზე, ძველქართულ ხელნაწერ წიგნებზე და ყველაფერ იმაზე, რასაც დიდი მეცნიერული ღირებულება აქვს, არა მარტო საქართველოს ისტორიული წარსულის, არამედ მახლობელი აღმოსავლეთის ქვეყნების კულტურისა და ისტორიის შესწავლის თვალსაზრისით, მაგრამ ამჟამად ყურადღებას მივაპყრობთ ჩვენს რაიონს, ე.წ. ,,გორას“, რომელიც მოქცეულია ჯაჭვისხიდს, წითელ ხიდს, გოჭოურასა და ჭომას შორის. 
    იგი წარმტაცი პეიზაჟებით, უნიკალური ძეგლებით გვხიბლავს და მეტად მრავალფეროვანია თავისი ბუნებით.
    ჯაჭვისხიდის ქვის საყრდენები უძველეს ხანას განეკუთნება. XIX საუკუნის დასაწყისში აქ ხიდი იყო გადებული. 1848 წელს იგი შეცვალა ახალმა, ასევე ხის ხიდმა. 1966 წელს კი ხის კოჭების ნაცვლად ჯაჭვები გააბეს, ანუ ,,ჯაჭვის ხიდი“ მოევლინა ქუთაისს, ასე ეძახიან დღესაც.


ჯაჭვის ხიდი.

   1860 წელს დაწყებულა ,,წითელი ხიდი“,  1862 წელს უკურთხებიათ და გაუხსნიათ იგი. ლითონის ნაწილები და მოაჯირი წითლად შეუღებავთ და ხიდის სახელიც ასე დამკვიდრებულა. ეს სახელწოდება დღემდე შეინარჩუნა ხალხმა.


                                                       წითელი ხიდი 
                               
                რიონის მარჯვენა სანაპიროსთან შეფენილია გორა,მწვანეში ჩაფლული ზამთარ-ზაფხულ, წლის დროთა შესაბამისად ხან ვარდებით რომ აელვარდება ,ხანაც ტყემლების თეთრი ფანტელი შეესევა ზურმუხტ ფერებს და საოცარი სურათები იხატება, 
                                          
გორა. ხედი აღმოსავლეთიდან
ქალაქის ხედი გაბაშვილის პარკიდან
                                                               გორა. ზამთრის პეიზაჟი.

ალბათ, ამიტომ სიმბოლურად მიმაჩია,რომ სწორედ წითელ ხიდთან, იქ, სადაც გორისაკენ მიმავალი კიბეები იწყება,


ვაჟა-ფშაველას ძეგლი.

ბუნების მგოსნის ვაჟა-ფშაველას ბიუსტი დგას,ეს თითქოს გვეუბნება,რომ მხოლოდ ასეთი გარემო შეეფერება მთის არწივს.ეს ხომ გორაა, მრავალფეროვანი პეიზაჟებითა და ძირძველი მოსახლეობით. ვაჟა-შაველას ქუჩა თითქმის მთელ გორას აკრავს. ბაგრატის ტაძრისაკენ მიემართება ყაზბეგის  ქუჩა,ჭომის მიმართულებით კი გრძელდება პეტრე იბერის ქუჩა,ხოლო მარცხენა მხარეს ქეთევან წამებულის ქუჩა გადაშლილა,მას ჭომის მხრიდან გაბაშვილის ქუჩა უერთდება.. ყაზბეგის ქუჩიდან სათავეს იღებს ჩანჩიბაძის ქუჩა,რომელიც გორას ვერტიკალურად კვეთს... ერთმანეთის პარალელურად მიემართება ცაცხვებისა და დები იშხნელების ქუჩები.
   ჩვენი რაიონი ყველაზე მაღალი რეგიონია ქუთაისში. არქიელის გორიდან ხელისგულივით ჩანს მთელი ქალაქი, სწორედ რელიეფის გამო შეურჩევიათ სახელი ,,გორა"
                            

კოსმოსიდან გადაღებული გორის რუკა

           ქუჩის სახელწოდებები ამტკიცებს, რომ  გორა ერთ-ერთი უძველესი დასახლებაა. დადიხარ ქუჩებში და თითქოს გესმის ალ. ყაზბეგის სიტყვები ,,ბუნება კარგია მაშინ, როცა შიგ სიცოცხლე ტრიალებს და ბრუნავს", გრძნობ ცაცხვების სურნელებას, წყაროს ჩურჩულიც გვესმის, გმირთა ხმა გამხნევებს და დები იშხნელების ხმატკბილი ჰიმნი გაჯადოებს,-ესაა ჩემი უბანი და მინდა, ამ ღვთითბოძებულ გარემოში მართლაც მარადიულად ბრუნავდეს სიცოცხლე.

  დღევანდელი მდგომარეობით, მოსახლეობაის მნიშვნელოვანი ნაწილი სამუშაოდ წასულია საზღვარგარეთ, მოსწავლეთა უმეტესობა განიცდის მშობელთა მიგრაციას, რაც აკადემიურ მოსწრებაზეც არ მოქმედებს დადებითად, არადა ჩვენი კუთხე ხომ შესანიშნავი ადგილია ტურიზმის უკეთ განვითარებისათვის, ხალხის ადგილზე დასაქმებისათვის და მშობელთა და შვილთა ერთად ცხოვრებაც მნიშვნელოვანი წინაპირობაა სამშობლოს წარმატებისა...
    გორა წარმოუდგენელია ცაცხვების უბნის გარეშე, აქ არის ე.წ ,,საფიხვნო" სადაც წლისა თუ დღის ნებისმიერ დროს ვნახავთ ადამიანებს რომლებიც მსჯელობენ, კამათობენ, ერთობიან.                            


                                                                     ცაცხვები
      
                          
  ქუთაისის ბაგრატის ტაძარი ძველი ქართული ხუროთმოძღვრების უმნიშვნელოვანესი ძეგლია, აგებულია ბაგრატ  III-ის მეფობის დროს X-XI საუკუნეების მიჯნაზე, „უქიმერიონის გორაზე“. ტაძარი ღვთისმშობლის მიძინების სახელობისაა. მისი ჩრდილოეთის კედლის წარწერის თანახმად, „ოდეს განმტკიცდა იატაკი, ქორონიკონით იყო 223 (1003). ბაგრატის ტაძარს თავისი არქიტექტურული და მხატვრული ღირსებით განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ქართული ხუროთმოძრვრების ისტორიაში. 


                                                        ბაგრატი. ექსტერიერი.

სწორედ ამ ტაძარმა დაამკვიდრა საბოლოოდ შუა საუკუნეებისდროინდელი სტილი. მას ახასიათებს დახვეწილი პროპორციები, ჰარმონიულობა, მრავალფეროვანი და მდიდრული მორთულობა, გრანდიოზული შიდა სივრცე. ბაგრატის ტაძარი ტრიკონკის ტიპის ჯვარ-გუმბათოვანი ნაგებობაა. ძირითადი ნაგებობის ორნამენტები გრაფიკულობით, პლასტიკურობით გამოირჩევა. ბაზისები და კაპიტელები რელიეფური გამოსახულებითა და ჩუქურთმებით იყო შემკული, კედელ-კამარებსა და იატაკს მოზაიკა ამკობდა, სამწუხაროდ, მრავალგზის აღდგენის გამო, ფრესკები მთლიანად არ არის შენარჩუნებული, მაგრამ შემორჩენილი ფრაგმენტები ადასტურებს, რომ საქართველოში XI საუკუნის I მეოთხედში ხელოვნება უმაღლეს დონეზე იყო განვითარებული.
   თვალშეუდგამ სიმაღლეზე აღმართული ტაძარი ქალაქის ყველა კუთხიდან ჩანს, რიონის ტალღებშიც ისარკება მისი აჩრდილი.
          „მოდის მოღელავს რიონი, ხან ჯიქი, ხანაც დამცხრალი,
           თმაშევერცხლილი მოხუცი, თეთრჩოხიანი მაყარი,
            ბაგრატის ტაძრის აჩრდილი მიატივტივა ჯებირთან,
            თითქოს იქ დაჭრილ რაინდებს წყალი აპკურა პეშვითა,“- ხილვა ამ მშვენიერებისა და პოეტ ოთარ მამფორიას სტრიქონები ყოველ ჭეშმარიტ მამულიშვილს გაუღვიძებს გრძნობას სიამაყისას, რა განძი გვქონიაო და მოვლის სურვილს იმისას, რაც ასე სათყვანოდ მიაჩნდათ ჩვენს წინაპრებს, რომლებიც მიზნად ისახავდნენ იმას, რაც სიცოცხლეზე მეტადაც ფასობდა.
                                               
                                                    ბაგრატის ტაძარი
   ბაგრატის ტაძრის მთავარ შესასვლელთან დგას სახლი, რომელსაც აუცილებლად შენიშნავ თავისი დახვეწილობითა და ინტერიერის ორიგინალობით. მასზე ამოქარგული მემორიალური დაფა გვამცნობს; 

   ამ სახლში ცხოვრობდა ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსი ლეონიდე (ლავრენტი ტიმოთეს ძე ჟვანია) 1885-1964 წლებში. სასიამოვნოა, რომ აქ ცხოვრება და წინაპართა ტრადიციები გრძელდება ისევ სასულიერო ხაზით.
                                                                          
     უქიმერიონი - ისტორიული ციხესიმაგრე დასავლეთ საქართველოში. მიჩნეულია, რომ უქიმერიონი ქუთაისში გორაზე დღემდე შემორჩენილი ძველი ციხესიმაგრეა, ეგრისის სამეფოს მნიშვნელოვანი თავდაცვითი ნაგებობა წერილობით წყაროებში პირველად  VI საუკუნეში იხსენიება ბიზანტიელი ისტორიკოსის პროკოფი კესარიელის მიერ.  განსაკუთრებული მნიშვნელობა მოიპოვა უქიმერიონმა VI-ს ში ირან-ბიზანტიის ომის დროს. მრავალჯერ  დარბეული და აღდგენილი მთლიანად ციხესიმაგრის ტერიტორია დაახლოებით 30 ჰექტარს შეადგენს.
      უქიმერიონის ციხე „ მეტად მაგარი“ და მეტად დიდი ნაგებობა ყოფილა, იგი საყოველთაო ინტერესს იმსახურებდა. მის ხელში ჩაგდებას ბევრი ცდილობდა , მაგრამ მისი კარიბჭე ვერავინ დაიპყრო ძლიერებით, მხოლოდ სპარსელმა მერმეროემ მოახერხა მისი ხელში ჩაგდება მოსყიდვა-გადაბირების გზით. ისტორიკოსი წერს, „ მერმეროემ მოისყიდა ერთი კაცი, არაუგვაროთაგან, თეოფობი, მოხიბლა ის დაპირებებით და უბრძოლველად ჩაიგდეს ხელში უქიმერიონის ციხე, დაეპატრონენ  ლაზიკას და ხელში ჩაიგდეს ასევე სკვიმნიაც (ლეჩხუმი) და სვანეთიც.“ ამ ციხეს, გარდა სათავდაცვო  მნიშვნელობისა, სხვა მხრივაც ჰქონდა დატვირთვა. იგი სულიერების სამყაროც იყო.  ივ. ჯავახიშვილი წერს: „უქიმერიონი უდრის მეგრულ „ოხვამერის“  და სალოცავს ნიშნავს.  ეს სახელწოდებას მიღებული უნდა ჰქონოდა „ქვასთან“ დაკავშირებით - უქიმერიონი, ალბათ  , ადრინდელი ფორმა იქნებოდა  „უ-ქვი-მერიონი“, ამას ადასტურებს არაერთი მაგალითით აკადემიკოსი აკაკი შანიძე, ქუთაისის ძველი სახელწოდებაც ხომ თითქმის ამგვარადაა წარმოებული: „ ქვათაია - ქუთაია - ქუთაისი“.
       დღეს სამწუხაროდ უქიმერიონის  ( ციხე იავარქმნილია) 

                                                  ციხის ნანგრევები გორაზე
  
რელიეფის მრავალფეროვნება შეინიშნება უქიმერიონის მთაზე.
უქიმერიონის ტერასა მთლიანად კერძო დასახლებას უჭირავს. ჩრდილო-დასავლეთით ბაქანი უშუალოდ ებმის თეთრამიწა-სათაფლიისკენ არსებულ კირქვული პლატოს ზედაპირს.
    კლიმატი ნოტიო სუბტროპიკულია. გორის შემოგარენში მცენარეული საფარი შეესაბამება ბუნებრივ პირობებს.
     ზამთრის ტემპერატურა - 4 c , ოქტომბრის - 16 c ,  ზაფხულისა კი 31 . აღსანიშნავია ,რომ ეს ჰავა ხელსაყრელია დასახლებისა და მეურნეობის განვითარებისთვის. მნახველს ხიბლავს ციტრუსებით დახუნძლული ეზოების ხილვა, დაფნა, სუროთი შემწვანებული ქვის გალავნები, ლეღვი, ხურმა, თხილი, ბამბუკი ფერთა საოცარ გამას ქმნის, გაზაფხულზე ტყემლის ჯარი შეესევა გორის შემოგარენს და სითეთრეში აელვარებული სიმწვანე გაბაშვილის გორა, ბუნებრივი სიტურფითა და მშვენიერი პარკით წარმტაც სურათებს ხატავს.
   რელიეფი ,გეოგრაფიული მდებარეობა, კლიმატი, ნიადაგსაფარი უშუალოდ ახდენს გავლენას მოსახლეობის განსახლებაზე. თბილი და რბილი ჰავა საუკეთესო საცხოვრებელ პირობებს ქმნის. ტერიტორია მდიდარია წყლით, ჰიდროენერგო რესურსებით , მაგრამ აქვე უნდა აღინიშნოს, საჭიროა ინფრასტუქტურის მოწესრიგება:
    მთელი გორის ტერიტორიაზე არ არის თუნდაც ერთი კეთილმოწყობილი სპორტული დარბაზი ან სტადიონი, ტურიზმის კუთხითაც მეტის გაკეთებაა საჭირო.
    იქნებ ესეცაა მიზეზი ,რომ ახალგაზრდობის უმრავლესობა ქალაქის ე.წ ‘’პრესტიჟული’’ უბნებისაკენ ილტვის და ბევრი, ერთ დროს აყვავებული ეზო-გარემო სუროთი არის შესუდრული. ამ ტერიტორიაზე არსებული სკოლებიც ,ქალაქის სხვა უბნებთან შედარებით  მცირე კონტინენტიანია, ხანგრძლივი ისტორიის მქონე სასწავლო დაწესებულების შენობები სავალალო მდგომარეობაშია, ეს ძირძველი უბანი ძლიერ ხელს საჭიროებს.


                                                სსიპ ქალაქ ქუთაისის N6 საჯარო სკოლა
       
           არქიელის გორაზე შუა საუკუნეებიდან იდგა წმინდა გიორგის პატარა ეკლესია,რომელიც 1882-1889 წლებში ბერძენი ოსტატების გიორგი შაბლახოვისა და ქრისტეფორე თოფალ-ოღლის მიერ აშენებული ახალი ნაგებობით  შეიცვალა.მშენებლობა საგანგებოდ შექმნილი კომიტეტის მიერ შეგროვილი შეწირულობებით განხორციელდა.



                                                     წმინდა გიორგის ეკლესია

           აქ დასაფლავებულია კონსტანტინე დადეშქელიანი.მისმა მემკვიდრეებმა დიდი პატივი მიაგეს ეკლესიას.ეკლესიის კანკელი ოსტატმა ხუსებერიძემ დაამზადა,ხატები კი კიევ-პეჩორის ლავრიდან გადმოწერეს.

                                                           ეკლესიის ინტერიერი.

            1891 წელს ტაძარი ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე)აკურთხა,გარედან მას თლილი ქვის პერანგი მოსავს.

                                       ეკლესიის ხედი აღმოსავლეთიდან.

             ეკლესიის ძველ სასაფლაოზე დაკრძალულია ცნობილი პოეტი მამია გურიელი 



                                                              პოეტ მამია გურიელის საფლავი.

(1836-1891),.თავისთავადი ხმისა და სიტყვის ოსტატი,ურიგო არ იქნება, თუ ვიტყვით,რომ მის შემოქმედებას მეტი დაფასება და შესწავლა უნდა... წარმოუდგენელია ცხოვრობდე გორაზე და არ იცნობდე მ.გურიელის ლექსს,რომელიც ახალგაზრდების შეგონება-დამოძღვრაა:
                              ... იყავი ტურფა,იყავ უებრო,
                               მდიდარი,ბრძენი,მხნე და ჭკვიანი
                               მაგრამ ფიქრისგან არ განიშორო,
                               რომ შენ ხარ მხოლოდ ადამიანი!
                               შემთხვევამ მოგვცა ბევრი ქონება,
                               ხელმწიფედ დაგსვა,გქმნა სრული სვიანი?
                               მაშინაც გმართებს უფრო ხსოვნება,
                               რომ შენ ხარ მხოლოდ ადამიანი!
                               ... დაე,იცვალოს გარემოება,
                              თუნდ ხალხის ხმამაც მოგცეს ზიანი,
                              თვით ნუ იცვლები ! მოვა დროება,
                              გიცნობენ,რომ ხარ ადამიანი!
                     
                ბევრი გამოჩენილი ადამიანი ახსოვს ცაცხვების ქუჩას,გარდასულ დღეთა სიდიადით გულმხურვალენი დღესაც არიან-ქალაქის,უბნის კოლორიტები, მეცენატები...
                                                         
   ჩვენს სკოლას 190 წლის ისტორია აქვს. 1825 წლის 26 იანვარს ეგზარხოსის ინიციატივთ გახსნილა სასულიერო სასწავლებელი. სკოლა თავიდან მდებარეობდა ბაგრატის ტაძრის ქვედა მხარეს.
    1865 წელს აუშენებიათ ორსართულიანი შენობა, რომელიც მთავარ კორპუსად ითვლებოდა. ამ კორპუსის გარდა ყოფილა შენობა საავადმყოფოსთვის. სასწავლებელს ახლოს, ბაგრატის ტაძრის ნანგრევებზე, მიშენებული ყოფილა პატარა ეკლესია, თავდაპირველად სასულიერო სასწავლებელში 20 მოსწავლე ყოფილა. 1898 წლისათვის 600_მდე გაზრდილა. 1893 წელს აქ პასიონიც გახსნილა, მაგრამ მალევე დახურულა. 1901 წლიდან სასულიერო სასწავლებელში ზედამხედველად დაუნიშნავთ როჟდესტვენსკი. 1904 წლიდან ქუთაისში დაწყებულა მოსწავლეთა გამოსვლები,რომელშიც მონაწილეობა მიუღიათ სასულიერო სასწავლებლის მოსწავლეებს,რის გამოც ისინი გაურიცხავთ.
    სასწავლებელში მეტად მკაცრი რეჟიმი ყოფილა შემოღებული. ზედამხედველი ამოწმებდა მოსწავლეთა ქცევას სკოლასა და სკოლის გარეთ. არდადეგებე, შობასა და  აღდგომას, მოსწავლეებს სოფელში წასვლის ნებას არ აძლევდნენ. არდადეგების შემდეგ მათ სასწავლებელში მღდვლის გაცემული მოწმობა უნდა მიეტანათ, რომ ეზიარნენ.
 1920 წლიდან სასულიერო სასწავლებელში იყო მე-3 შვიდწლიანი სკოლა.
 1935 წელს მე-3 შვიდწლიან სკოლას ეწონა მე-12 სკოლა.
 1936 წელს ამავე სკოლაში იყო საკონსერვო ტექნიკუმი.
 1941-1943 წლებში სკოლის შენობა დაკავებულ იქნა სამხედრო უწყების მიერ.
 1943 წლიდან მე-12 სკოლამ მიიღო ვაჟთა მე-6 საშუალო სკოლის სახელწოდება.
   დაარსების დღიდან დღემდე ჩვენს სკოლას მრავალი სასახელო შვილი აღუზარდა. სკოლა ამაყობს თავისი სახელოვანი აღზრდილებით. სასწავლებელში 1897-1904 წლებში სწავლობდა ქართველი ერის სიამაყე დიდი მეცნიერი - აკადემიკოსი აკაკი შანიძე. იგი საუკეთესო მოსწავლედ ითვლებოდა.

                                       აკაკი შანიძე

      აკაკი შანიძესთან სწავლობდნენ თეოფლიაქტე  ანთაძე, ალექსანდრე კანდელაკი. აკაკი შანიძე სიყვარულით იგონებს მასწავლებელ მიხეილ ფხალაძეს, რომელიც შემდეგ კათალიკოსი გამხდარა  და მელქისედექად იწოდებოდა.
      1900 წლის 1 სექტემბერიდან სასულიერო სასწავლებლის მოსამზადებელ კლასში ჩაურიცხავთ დიდი პოეტი გალაქტიონ ტაბიძე. 
                                                         
გალაკტიონ ტაბიძე.


 მას ეს სასწავლებელი  1908 წლის მაისში დაუმთავრებია...
      აქ, ბაგრატის ციხის ნანგრევებში, წაუკითხავს ლექსის მეფეს „პირველი მაისი“ სკოლა გ. ტაბიძის სახელს ატარებდა.
       1909 წელს არქიელის გორაზე ასულა დიდი ქართველი მგოსანი - აკაკი წერეთელი. ის სასწავლებელსაც სტუმრებია, მოსწავლეებსაც გასაუბრებია, განსაკუთრებით მოსწონებია მოსწავლე პლატონ გოლეთიანი და უთქვამს: თავდადებით და ერთგულად ემსახურე მამულსო.
    ჩვენს უბანში ცხოვრობდა ქართველი რეჟისორი და კინოოპერატორი ვასილ ამაშუკელი.
                                               ვასილ ამაშუკელი აკაკი წერეთელთან ერთად.
 (1886-1977) მის სახელთანაა დაკავშირებული ქართული დოკუმენტური  ფილმის დაბადება-განვითარება.
   1908 წელს ამაშუკელმა ბაქოში შექმნა ფილმები, რომლებიც, სამწუხაროდ, შემორჩენილი არ არის, მხოლოდ მათი სახელები და ქრონომეტრაჟია ცნობილი. ამ ფილმების გამო ქართული კინოს ათვლის წერტილად სწორედ 1908 წელი ითვლება...
   დღეს სახლი, რომელშიც არავინ ცხოვრობს, მემორიალური დაფით თუ შევიცნობთ.



 არავინ დარჩენილა გულგრილი მის მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმით ,,აკაკის მოგზაურობა  რაჭა-ლეჩხუმში", მისი შემოქმედება გამოკვლეულია, სახალხო არტისტის წოდებაც მიენიჭა, მაგრამ, ვფიქრობთ, წარსულის სხივი რომ აწმყოსა და მომავალს გადაენთოს, მეტი ყურადღება გვმართებს, თუნდაც იმიტომ, რომ ახალგაზრდებში სიამაყის გრძნობა აღვძრათ, ჩვენ ხომ სახელოვანი მამულიშვილის ნატერფალებს ვეხებით, დიახაც საამაყოა, რომ ჩვენს უბანში, ჩვენ გვერდით დაიბადა კაცი, რომელმაც არათუ ქუთაისის, მთელი საქართველოს სახელი გააბრწყინა.
                                                  
    აქ, ამ უბანში, ბაგრატის ტაძრის სიახლოვეს იდგა ყვავილნარში ჩაფლული ლამაზი სახლი. იგი ეკუთვნოდა აწ გარდაცვლილ მიხეილ ალავიძეს


მიხეილ ალავიძე.

 - ცნობილ მეცნიერს, მწერალსა და საზოგადო მოღვაწეს. დღესაც ბევრს ახსოვს თმაჭაღარა, სასიამოვნო აღნაგობის კაცი - უბნის მოჭირნახულე და ნამდვილი პატრიოტი... დღეს ეს სახლი დაზიანებულია... 


მიხეილ ალავიძის სახლი დღეს.

იქნებ ჯობდა, აქ სახლ-მუზეუმის გახსნაზე ეზრუნა ვინმეს. ეს ხომ სილამაზესაც შესძენდა გორას და მნიშვნელოვნად საინტერესო იქნებოდა ტურისტებისთვისაც და ლიტერატურით დაინტერესებულ პირთათვის. მისი არაერთი მინოგრაფია თანამედროვეთათვისაც საკმაოდ ფასეულია.
                                      
       სკოლის მრავალ გამოჩენილ ადამიანთა შორის არიან :პოეტი, პროზაიკოსი, მთარგმნელი და ა.შ.  წარჩინებულ პედაგოგთა, სპორტსმენთა თუ სხვათა დასახელება შორს წაგვიყვანს, მხოლოდ იმას მოგახსენებთ, ზემოთ მოყვანილი ისტორიის მიხედვით პრესტიჟული მე-6 სკოლაა და აქ სწავლა ნამდვილად საამაყოდ უნდა მიგვაჩნდეს.  სამწუხაროდ , მშობელთა ნაწილი ამჯობინებს ქალაქის ცენტრში არსებულ სკოლებს, მათ  მიიჩნევენ პრესტიჟულად და ავიწყდებათ, რომ იქ, სადაც ვართ, უნდა ვიღვაწოთ, უპირველესად უნდა გვიყვარდეს და შთამომავლობასაც შევაყვაროთ ის უბანი, სადაც ფეხი ავიდგით და მამულის სიყვარული შევიგრძენით.  მაშინ ისევ აღორძინდება უბანი და დაიბრუნებს წარსულის დიდებას. სასურველი იქნება, სავალდებულო გახდეს უბნის მოსწავლეთა ჩარიცხვა მხოლოდ საკუთარი უბნის სკოლაში და სწორედ აქ შეექმნათ მათ სწავლისა და განვითარებისთვის საჭირო ყველა პირობა (გარემონტებული სკოლის შენობა, თანამედროვედ აღჭურვილი სპორტული დარბაზი, სპორტული მოედანი, გამართული ინფრასტრუქტურა და რა თქმა უნდა კვალიფიციური პედაგოგ-მასწავლებლები, რის სიმცირესაც ნამდვილად არ განიცდის ჩვენი ქალაქი ) ვფიქრობ, სწორედ ესაა უბნის განვითარების მთავარი საწინდარი.
                                                 
                   
ქალაქის ხედი.

   რიონის პირად შფოთავს ქალაქი, ათას ჭირში და ლხინში ნაქები...
ძლივს უწევს თვალი მაღლა ბაგრატს, წმინდა გიორგის თეთრ ეკლესიას-დიდებას ჩვენსას, წარსულს აწმყოსა და მომავალს...
   ჩვენი უბანი - ძველი ქალაქის ერთ-ერთი უძველესი და განუმეორებელი ნაწილი , ‘’მამა ქალაქის’’ ერთ-ერთი ღირსეული შვილი ზრუნვას მოითხოვს.
   ბაგრატი და უქიმერიონი, უქიმერიონი და ბაგრატი! - პოეტური ოლიმპო, ბესიკის გორა , თეთრი გიორგის საბრძანებელი, ღმერთებისა და მუზების საუფლო წარსული დიდების აღდგენასა და სასურველ მომავალს მოითხოვს.
   არ გვაქვს უფლება, უგუნური ფეხი დავადგათ ამ სიწმინდეებს, დედაბუნების ხოდაბუნები, თეთრი ტყემლის ჯარი თუ ცადაწვლილი სიმწვანეები დაცვას მოითხოვენ...
   ‘’ იყო კაცი და არ გეხუროს ქუდი ნამუსის, ქართული მიწა არ გაპატიებს’’, - ეს შეგონება პოეტისა უნდა გვახსოვდეს.
  ,,გახსოვდეს , რომ ხარ ადამიანი! –" ეს ჩვენი უბნის ერთ-ერთი სახელოვანი შვილის საფლავის ქვის ეპიტაფიაა... შეგონებად და იმედად იმისა, რომ ჩვენს უბანზე ისევე ვიზრუნებთ, როგორც  მშობელი ზრუნავს შვილზე და შთამომავლობა-წინაპრებზე.
    ჩქეფდა სიცოცხლე,რამდენჯერ მოსრეს, გაანადგურეს და მაინც არ ქრებოდა ნათელი ჩაუქრობელი...


                                                     ბაგრატის ტაძარი რესტავრაციამდე.

    მკვდრული მყუდროებაში გარინდებული ბაგრატის ნანგრევების წილ მეფური ბრწყინვალებით წარმოჩენილა ბაგრატის ტაძარი...



ბაგრატის ტაძარი დღეს.

ასევე უნდა აღორძინდეს მთელი უბანი-თავისი ისტორიული წარსულით. პატივისცემა წარსულისა ეს მტკიცე გარანტია მშვენიერი ბედნიერი მომავლისა, როგორც ერთი ბრძენი იტყოდა;
         „აწყმო შობილი წარსულისაგან,არის მშობელი მომავალისა.“


  სწორედ ამიტომ გვევალება მიზნად დავისახოთ მოვლა ჩვენი უბნისა, რომ ისევ ჩანდეს ბაგრატი უკვდავ გმირთა ძეგლად. საქართველოს ქალაქების თმაჭაღარა თამადა-ქუთაისი, თავისი გელათითა თუ  სათაფლიას ბინდით, შმაგი რიონით, მაღალ მთაზე აღმართული ბებერი ციხეებით, მზრუნველობას მოითხოვს.
  ქუთაისი-ნატვრის თვალი, საქართველოს სინდისი და ქვითკირი, გვმოძღვრავს და გვლოცავს:
                   „ვინც სიბერე გამიხაროს
                    ჩემებრ გაჭაღარავდეს.“
  ყველა ახალგაზრდას, ყველას, ვინც იცის ფასი ისტორიისა, გმირობისა და სიყვარულისა, უნდა ახსოვდეს, რომ თუ სწორად მივიჩნევთ ნათქვამს, საქართველო მუზეუმია ღია ცისქვეშო, ეს უპირველესად ჩვენს რაიონს ესადაგება-
                    აქ მეფეები მეფურად დააბიჯებდნენ
                    აქ ბესიკის გორაა...
                    აქ მამია გურიელის საფლავია...
                    აქ მრავალი ქართველი სახელოვანი მამულიშვილი აღზრდილა...
                    აქ პოეტების საუფლო იყო...
    მრავალი „აქ“ და მრავალი დიდებული და მარადიული, რომელთა ხელისყოფა და მიტოვება არც არავის შეუძლია და არც არავის ეპატიება.
  გვახსოვდეს მუდამ- მათ შთაგვინერგეს ჩვენ სიყვარული გარდასულ დღეთა.  

   ,,უქიმერიონი--ციხე-ქალაქი წყალწითელია"-ქუთაისის ისტორიული მუზეუმის შრომებში წავიკთხეთ და გავეცანით მოსაზრებას, რომ უქიმერიონი-არქიელის გორაზე არაა და მოიაზრება შორაპან-იბერიისა და ლეჩხუმისაკენ მიმავალ გზებზეო, მაგრამ იმდენად შესისლხორცებულია ბაგრატი, არქიელის გორა და უქიმერიონი ერთმანეთთან, რომ აქაურ მცხოვრებთ ვერც წარმოუდგენიათ ეს ფაქტი და ჩვენც ჩვენი უბნის ისტორიის შედგენისას უწინდელი ცნობები გამოვიყენეთ.


                                                        ლიტერატურა:
1. გერსამია თ, ქუთაისი- ,,თბილისი"1990.
2. ქუთაისის ისტორიული მუზეუმის შრომები. ტ.XIX-2009.
3. ,,ჩემი სკოლის მატიანე, 2016
4. ინტერნეტი http://saunje.ge/index.php?id=1060&lang=en
                           https://ka.wikipedia.org
                           https://www.google.ge/search?
                           http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00001968/

  თემაზე მუშაობდნენ:-სსიპ ქალაქ ქუთაისის N6 საჯარო სკოლის 
IX კლასის მოსწავლე   გიორგი მურუსიძე
X კლასის მოსწავლე   ტერეზა მამრიკიშვილი
                                       მარიამ ცაგარეიშვილი
                                       ანა ზვიადაძე
 ცნობების შეგროვებაში დაგვეხმარნენ 
ამავე სკოლის ისტორიის მასწავლებლები: გულნარა მიშვიძე
                                                                             იამზე ონიანი
                        გეოგრაფიის მასწავლებელი-მაკა გვეტაძე
 თემის ავტორი და ხელმძღვანელი-სკოლის დირექტორი დიმიტრი ქარსელაძე.