ქუთაისი - პოეტების საუფლო, ბაღის კიდე-პოეტების
საფიხვნო, უქიმერიონი-პოეტთა ოლიმპო და, გადაჭარბებად თუ არავინ ჩამითვლის, მთლად ქუთაისი,
ნაბიჯ-ნაბიჯ რომ დაიარო, კენჭსაც ვერ იპოვი, პოეზიით არ სუნთქავდეს.
რამდენი პოეტური აკვანი დარწეულა ქუთაისში, რამდენი
შვიდფეროვანი სარტყელი ცისა ოქროდ ჩაღვრილა სტრიქონებში. აქ წვიმის ხმასაც კი სხვანაირად
ისმენ, თითქოს მგოსანთა სიტყვები მოსჩქეფსო.
ქუთაისი - სავარდო და სამაისო ქალაქი, არგონავტების
მითური ადგილი, რიონის ტალღებთან შეჭიდებული არგო, კოლხი მედეა, სატახტო ქალაქი, მუზების
საუფლო... ბაგრატი და გელათი, მოწამეთა და გეგუთი, უქიმერიონი და სათაფლია, მსოფლიო
მოგზაურთა შეფასებანი და მაინც ყურადღებას მივაპყრობ ჩვენი ქალაქის წიაღში დაბადებულ-აღზრდილთ,
რომელთაც ქუთაისი თავიანთი ლექსის ემბაზად მიუჩნევიათ.
ქუთაისო, ქუთაისო, შენთან არის ჩემი გული...
Add caption |
ბევრი
სადიდებელი ისმის სიმღერად, ქებად, მაგრამ რამდენიმე ავტორი წარმოვადგინე ცეცხლოვანი
სტრიქონებით, მოწოდებით და, ჩემი მიზანია, პატარა მოკრძალებული წვლილი მეც შევიტანო
ჩემი ქალაქის სიყვარულში...
პირველი მაინც გალაკტიონია, თუნდაც იმიტომ, რომ პოეტთა მეფე ჩემი სკოლის სიამაყეა
პირველი მაინც გალაკტიონია, თუნდაც იმიტომ, რომ პოეტთა მეფე ჩემი სკოლის სიამაყეა
,,წყალტუბოდან
ქუთაისში მიმავალი ქარი“ - მარადიულ მუსიკად ეღვრება ქალაქის შემოგარენს.მაისის ქუთაისი
არასდროს ივიწყებს მათ, ვინც სიტყვითა თუ საქმით ალამაზებდა მის ცხოვრებას.
,,ცისფერყანწელები“-ქართველ პოეტთა და პროზაიკოსთა
შემოქმედებითი გაერთიანება, რომელიც 1920-იან წლებში ქართულ ლიტერატირაში დომინირებდა, დაარსეს ახალგაზრდა მწერლებმა
ქუთაისში 1916წ. ქუთაისი ხომ ქართული აზროვნების ცენტრს წარმოადგენდა ოდითგან. მიმდინარეობის
წევრები იყვნენ: ტიციან ტაბიძე, პაოლო იაშვილი, ვალერიან გაფრინდაშვილი, კოლაუ ნადირაძე
და სხვა. გალაკტიონ ტაბიძეც ამ ჯგუფთან ასოცირდებოდა
თავიდან, მოგვიანებით მან ეს გუნდი დატოვა.
თუ ვაჟკაცობა პოეტს არ ახლავს,
თუ გულწრფელობა ლექსს არ ატირებს,
შთამომავლობა მის კვალს დაჰკარგავს
და ეს არავის არ გააკირვებს - ასე აფასებს ტიციან
ტაბიძე მართალ მესიტყვესა და მის ნაღვაწს. მართლაც, იქმნებოდა ლექსი, მშვენიერებასთან
წილნაყარი...
გალაკტიონ ტაბიძე, მეფე პოეზიისა, სიყვარულის წილ
სიყვარულს სთავაზობს თავისი სიყრმის ქალაქს, ლექსი, რომელიც უმალ სიმღერად იქცა და ხმატკბილ
მელოდიად მოეფინა ქალაქს:
თუ მაისის ქუთაისმა
გკითხოს, ვინა ხარო -
უპასუხე, რომ სუნთქვა ხარ,
არ უთხრა კი-ვისი,
ისეც იგრძნობს ქუთაისი,
ჩემი ქუთაისი!
ჩემი ქუთაისი!
პაოლო იაშვილი ქუთაისს უწოდებდა ,,ლექსთა საგანს“
მახსოვს, იყავი ლამაზი დიდად
და ჩახატული სავსე მთვარეში:
ამ სილამაზეს აკაკი ზრდიდა,
გატაცებული შენი ფარეში“...
(ქუთაისისთვის)
დიდი აკაკი-საქართველოს გასხივოსნება,ერის
დიდება, თვით პოეზია ცეცხლით მოვიდა და მელოდიად იქცა.
აქ, ამ წიღში, განისვენებს მამია გურიელი, ჟღერს
მოწოდებად მისი სიტყვები: ,,გახსოვდეს, რომ ხარ ადამიანი!“
კოლაუ ნადირაძე, ერთ-ერთი ცისფერყანწელი, ქუთაისის
სადიდებლად თქმულ ლექსთა ავტორი, თავისთავადი ხმის პოეტი.
მეწამულ ფერით იღებება ზეცის კიდური,
ლალსა და ბადახშს ვიღაც აფრქვევს ღრუბლებზე
უხვად,
რიონის ველი იისფერად ჩანს დაბინდული
და შორით მთები ჩაძირულან ლაჟვარდში უხმოდ.
ზეცა კრიალა ზოგჯერ იბინდებოდა, პოეტის გულიც
სევდიანდებოდა, მაგრამ ვარდებისა და სიცოცხლის ქალაქი არასდროს ტოვებდა გულგრილს მნახველს
და დღესასწაულად იქცეოდა მასთან ყოველი შეხვედრა. ქუთაისის ჰიმნად აღიქმება ლექსი
,,ხოტბა ქუთაისს:“
შენ ხარ ცხოვრების დღესასწაული,
რომელიც მუდამ წინ მელოდება...
თვალწარმტაცია შენი ხედები,
ცეცხლია შენი სულისკვეთება,
შენ ხარ სიზმარი აუხდენელი,
ცხადზე მეტად რომ მეიმედება.
ბალახვანი, რიონის ჭალა, ისევ ბაგრატი-მარადიული
განძი ქართველთა, გურიელთან გასაუბრება-ყველაფერს იტევს მისი პოეზია. წარსული, აწმყო
თუ მომავალი-ეს შთაგონებაა, რომელსაც ასე უშურველად აწვდის ეს ჯადოსნური საუფლო პოეტს,
რომელსაც შეუძლია ასეთი საოცარი მგრძნობელობით უმღეროს მას:
ჩვენი ჟამთასვლის, ჩვენი ადათის,
ჩვენი კაცობის დედაქალაქო...
საქართველოს ქალაქების თმაჭაღარა თამადა, თამარის
სასახლის მიწის სევდად გაჩენილი ნანგრევების წმინდა ცრემლის საიდუმლო,
ყვავილთა სინაზე და შრიალი, ფერთა ციმციმი, ,,ხელაპყრობით ჩაგვემუხლოს თამარ მეფის
სამარესთან“...
ქუთაისში
ერთ-ერთ სახლს მემორიალური დაფა ამშვენებს:
,,ამ სახლში 1918
წელს დაიბადა ლადო ასათიანი“. მარადიულ ჭაბუკად შთენილ ლადოს ქუთაისის ხატების მუზად,
პოეტურ ქნარად ეზმანებოდა და იძერწებოდა სტრიქონები, საგალობლად რომ ეფინებოდა ცაცხვების
ხეივანს, ბაგრატს, უქიმერიონს... მისი პირველი ლექსიც აქ დაიბეჭდა.
ადრე წასული კაცის ფიქრები, ტყემლების ფიფქთან
ვნებიანი მზის ელვარება ნუსხავდა პოეტს.
ცისფერი კაფე ,,რიონის პირად“, ჩაის ვარდები...
იფეთქებს ფიქრი, ვით ჩაის ბოლი,
დაეძებს ლანდებს და ია-ვარდებს,
შეუერთდება რიონის რონინს
და ლაჟვარდებში გაინავარდებს...
ესაა სიტყვის ძალა
და მადლი...
საქართველოს მთებში გაჩენილი ,, სიყვარულის,ლექსის
სადღეგრძელოს“ ენით წერდა იგი სამშობლოზე, ცხრა ძმა ხერხეულიძესა თუ სამ არაგველზე,
მაგრამ ქუთაისის მიმართ განსაკუთრებულ სიყვარულს გრძნობდა, ეს ქალაქი ხომ მისი პოეტური
ემბაზი იყო...
...ზევით ცა მხურავს კრიალა,
ღია...
დაფნითა და პალმებით, რაჭა-იმერეთის ჯაჭვის
ხიდისა და ლურჯად ფაფარაშლილი რიონით ხიბლავდა და ხიბლავს ქუთაისი ქართული სიტყვის
მესვეურთ, მაგრამ ეს ადრეწასული კაცია:
,,ქუჩას პალმა და ყვავილი
ჰფარავს,
მე აქ დავწერე ლექსი პირველი,
ვარდებსაც ესმით ამ გულის
ფეთქვა
ვარ ამ ვარდების გულთამხილველი.“
ზამთრის დილა ქუთაისში,გორაკებიდან უკვე მოქრის
იების სურნელი...თეთრი ტყემლების ჯარი, ნაბიჯ-ნაბიჯ, ბილიკ-ბილიკ, ხევდახევ დაგემოვნებული
ცაცხვების ხეივანი, ბაგრატი, უქიმერიონი და ლოცვადაღვლენილი ხმა:
,,ჩემი ქუთაისი, თბილისიც ხომ მიყვარს,
ალბათ, იცით, რაა, ქუთაისი სხვაა-
იქ ტყემალი ყვავის, დათეშიძის გორა
იქ კრიალა ცაა... ოცნებათა ზღვაა!
შრიალებს ფეხქვეშ ყვავილთა ფარჩა და იბადება
გოეთეს ,,მინიონის“ მსგავსი ექსპრომტი:
იცი ეს მხარე-ტყემლის ფიფქით გადაპენტილი,
სადაც ბაგრატის ტაძარს სძინავს მეფური ძახილით,
უქიმერიონს დაჰფარფატებს ნიავი ნაზი,
შრიალებს დაფნა, ჩახვევია ხეს უსურვაზი,-
იცნობ ამ მხარეს? თუ გინახავს შენ ეს მიდამო?
იქითკენ წამო, ჩემო კარგო, იქითკენ წამო!“
ეს ქუთაისის ერთ-ერთი მშვენიერი და უძველესი უბნის-გორას-ზღაპრული
ხედებია...
ძველი და ახალი ქუთაისი, ,,ჩუქურთმა ქვაზე ამოქარგული“
ლადოსთვის მზეში გაფრენილ შევარდენს ჰგავდა“, კაცი, მართალი და ახოვანი, ვინც ქალაქს
სიცოცხლით ავსებდა, მასზე ზრუნავდა... ვინც არ უნდა ყოფილიყო იგი-უბრალო მეეზოვე, ჩუქურთმის
მჭრელი თუ ,,დიდი კაცი“, ბავშვი თუ ქალი, ძვირფასი იყო პოეტისათვის, თუ მას სიკეთით
უძგერდა გული...
რიონის პირად შფოთავს ქალაქი, ათას ჭირსა და ლხინში ნაქები,
ყოველ ახალწელს საგულდაგულოდ განათლებული ჩიჩილაკებით,
მის განთიადებს ნუ დაივიწყებ და არასოდეს არ დაბერდები.
ბაგრატის
ტაძრის შემოგარენი, ე.წ ,,არქიელის გორა“ ხიბლავდა ჭაბუკს, საქართველოს მთების
ბუმბერაზ შვილთა ვაჟა-ფშაველასა და ალ.ყაზბეგის სახელებიც ამშვენებსო. ,,წრფელი გულით,
ცხელი გულით“ ნამღერი კვალად ამჩნევია სატახტო ქალაქს,ლამაზ სიცოცხლეთა და სიყვარულად
შენთებია მის ცასა და მიწას.
ლ.ასათიანის ლირიკა გამსჭვალულია მძაფრი
პოეტური მღელვარებით, ღრმა ლირიზმით, უშუალობით. შთაგონება ძლიერდება ბაგრატის ტაძრიდან
დანახული გელათითა და ხვამლით. მას არ დასცალდა შთაგონების დავაჟკაცება, მაგრამ...
მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, მისი პოეზიის ,,კვალი მიწას აჩნია, ვით ნაფეხური დინოზავრების“
–
,,იმდენჯერ მეთქვა ლექსი მაგარი,
რამდენჯერ მე არ მინავარდია,
მინახავს ხალხის ნაამაგარი,
ეხლაც ვუღიმი ქალაქს ვარდიანს.“
,,ბუმბერაზ ტაძრებს ჰგვანან ჩვენი წინაპარი სულმნათი მგოსნები, ჩვენ კი პატარა
კენჭებს ამ ტაძრების ჩრდილში“- ოთარ მამფორიას პოეტური თავმდაბლობით ნათქვამია,
თორემ მამულის საკურთხეველთან ამღერებული თითოეული სიტყვა, მართლაც, მუზის ღმერთთან
მავედრებელი კაცის ღაღადისია.
ჩაგხვევია სათაფლია დაცვარული გედივით,
მკერდზე მტრედად დაგფრენია ხვამლის თეთრი მერდინი...“
ეს ქუთაისია, რომელსაც ,,საკოცნელად ეპარება
სუნთქვა გალაკტიონის,“ საუკუნეთა გრიალში გამობრძმედილი, ,,გეგუთს გატყორცნილი ისარი-“
დავიწყების ზეცა რომ არასდროს დანისლავს.
გელათიდან ვარსკვლავები თავზე ელვად გეღვრება,
ჩანს ბაგრატის ნანგრევები უკვდავ გმირთა ძეგლებად...
სტრიქონები
მარადიულ დიდებად შენივთებია, თაყვანისცემად აღვლენილა და ლოცვად დაღვრილა ჩემი ქალაქის
ქუჩებში.
ქუთაისო-ნატვრის თვალო, ეს მზე მარად გფარავდეს,
ვინც სიბერე გაგიხაროს, შენებრ გაჭაღარავდეს...
არ ყოფილა ჩვენს ქალაქში მოვლენა, პოეტის მართალ
ქნარზე არ აჟღერებულიყოს. კუტაია თუ ქუთათისი, ბუნების წარმტაცი პეიზაჟები თუ ისტორიული
ნანგრევები-ყველა ერთად და ცალცალკე ეს ჩვენი მამულია, სამშობლო მშობლის მკერდიდან
იწყება და, რა საკვირველია, რომ ოთარ მამფორიას შემოქმედებაში განსაკუთრებული ადგილი
ეჭიროს ,,რიონის ჩქერის ჩხრიალს“, ,,ბალღობის ძახილს“, ბაგრატის ტაძარს, ,,სიჭაბუკის
ბედაურს“, ,,ფიქრთა მარხილებს“ და, ზოგადად, ქუთაისს.
,,მშობელო ქალაქო, ჩემო გადია“, - ასე უწოდებს ქუთაისს
პოეტი -ოთარ მამფორია.
,,ლამაზი ქალაქი ქვეყნად ბევრია
საფიცრად ერთია ჩემი ქალაქი.“
უკვდავია პოეტის სტრიქონები, გარდასულ დღეთა
ლურჯი ზმანებით გაჯერებული, ქუთაისის სადიდებელი ძველი საყდრის დახავსებული ლოდის საზეოდ
აღვლენილი თუ რიონის ბობოქარ ტალღებში ფოლიანტებად ჩაცვენილი...
,,ქუთაისი,ქუთაისი-ცის და მიწის ალერსი,
პოეზიის წმინდა სისხლი...ქართული ლექსის
ტრფიალი...“
ტახტი აქ ედგა მეფეთა... სიკვდილამდე მხსნელად
და მცველად ედგნენ ჩვენს ტურფა ქალაქს, იბრძოდნენ, იმარჯვებდნენ თუ მარცხებოდნენ, სიცოცხლე
კვლავ გრძელდებოდა, ქალაქი, სატახტო და უძველესი, კვლავაც მხნეობდა.
ქუთაისი იღვიძებდა-
იმერეთის ედემი...
ბალახვანი, საფიჩხია,
ჭომა, მწვანეყვავილა...
კარანაძის ცხენები... ბედის ჭენება-ქუთაისის
ყველა კუთხეს ემჩნევა ამბორი უკვდავი პოეტისა.
რიონს ვკოცნი თეთრ ხიდიდან,
შიგ-ვარსკვლავთა ნაღვერდლებს
ქუთაისის
მესიტყვე ანდერძივით გვიბარებს, გვიყვარდეს ჩვენი ქალაქი, ვიზრუნოთ მისი კეთილდღეობისთვის.
სანთლებს ანთებდა მათი ნაცნობი
გვიან მოსული მარადისობა.
პოეტი თითქოს ანდერძად გვიტოვებს - ვუერთგულოთ უკვდავ ფასეულობებს, ,,უკვდავება თვალებღია და სიკვდილი დაფლეთილი“ მხოლოდ მაშინ
იქმნება ,,თუ სიცოცხლისა და სამყაროს პირველი გაკვეთილი“ მარადიულ ღირებულებად აღიქმნება
და პირველქმნილი მშვენიერება ცასა და მიწას შეენივთება.
1969 წელს დაიწერა ლექსი ,,სათაფლიას,“ რომელიც
ერთხელ კიდევ გვაგრძნობინებს მოხუცი პეტრე ჭაბუკიანის ღვაწლს. თვალნათლივ ვხედავთ გაქვავებულ
ნატერფალზე ჩაციებულ მზერას, ვისმენთ სიბრძნით დათაფლულ სიტყვებს:
,,მთებო, ცხენი დამირახტეთ, ამ გვირაბში
გავქანდები,
ვით ავაზა შემომიხტეს დინოზავრის ნაკვალევი,
ოღონდ მამულს შეემატოს, მეც მასავით
გავქვავდები“...
თითოეული ლოდი თუ კენჭი ქვეყნის ისტორიაა,
ქუთაისის მშვენიერებასთან შერწყმული.
,,მოკვდეს ოქროს მაძებარი,ნურც ყოლია
მომტირალი,
მაგრამ სულ სხვა განძი არი, აქ
რომ ცივი ლოდი არი
და ნაწვიმარ ბალახებში ყვავილების
ბოდიალი...“
გაბრწყინებული ცა, შმაგი რიონი, უძველესი
ჯაჭვის ხიდი,
,,მოდის , იმღერის
ისევ რიონი, თან იმერულად თავაზიანობს...“
,,ქუთაისია ქუთაისია“ და დღეს ისევ ელის მართალ
მესიტყვეს, ქომაგს...სევდად მიჰყვება ყველა ქუთათურს ,,ცისფერ ყანწის ეშხით“ აელვარებული
ქუთაისის ბაღი, თეთრი თუ წითელი ხიდი, თეთრი ტყემლების ჯარი, ბალახვანის ქარი - და
ამ ერთი პოეტის ეს უკიდეგანო სიყვარული ეყოფოდა
ქებად ჩემს ლამაზ ქალაქს...
იოსებ ნონეშვილის ლექსი ,,ქუთაისური“ ხომ, მართლაც, ქუთაისურ მასპინძლობას, შეხვედრასა და თავმოწონებას ეხმიანება. აქ ჩანს ყველაფერი, რითაც
ვამაყობთ, რისთვისაც ვზრუნავთ, რაც გვეიმედება.
აქ ბაგრატის სხივი ელავს,
აქ გელათი შუქში ცურავს,
აქ დავითმა სულ პირველად
მკლავი გაიმამაცურა...
ადრე სატახტო ქალაქი, დღეს_საპარლამენტო, წინათ
მშობელი და ნავსაყუდარი სახელოვან მამულიშვილთა...
ბაღის კიდის მოსწორებულ კალამბურებში აჟღერდა აკაკი
წერეთლის ნაკვესები, იღვრებოდა მელოდიად ,,სულიკო“, ,,ციცინათელა“, გუგუნებდა ,,ცა-ფირუზ,
ხმელეთ-ზურმუხტი“ და შრიალებდა ტოტები ვერხვის...
,,ქუთაისო, ჩვენი ერის,
ჩვენი ქვეყნის ლაზათი ხარ,
საქართველოს ბედნიერი,
საქართველოს ბედნიერი,
გემრიელი ქალაქი ხარ“.
ვინც კი ნახავს ყვავილოვან ქუჩებსა და მწვანეში
ჩაფლულ გაბაშვილის პარკს, ჩვენს ღვთიურ სიწმინდეებს განშორება გაუძნელდება ამ ჯადოსნურ
სამყაროსთან და ლამის თანაავტორად მოევლინება პოეტს:
სულ მაისის სურნელია,
საფირონი მოაქვს რიონს...
შენს ქუჩებში უმღერია
აკაკის და გალაკტიონს.
იღვრება მელოდია...
,,ხელგაშლილი ლაღად დგახარ,
თავმომწონე მასპინძელი,
ადვილია შენი ნახვა,
დავიწყება არის ძნელი.“
ოთარ ჭილაძის ერთ ლექსსაც შევეხები. მისი უკვდავი სტრიქონები
აცოცხლებენ ქალაქის ისტორიულ წარსულს, მემატიანეს ქალაქისას, მას ხომ ახსოვს პირველყოფილი
სახე თავისი. კოლხი მედეა, არგონავტები თუ აია, ტახტის ძლიერება,
ათასეული წლების წინანდელი ნაშთი სათაფლიაზე, უქიმერიონის გორის არქეოლოგიური ნამარხები,
ტაძრები, პანთეონები - გარდასულ დღეთა მემატიანეები...
ეს ყოველივე მარად უშრეტი წყაროა ხელოვანთათვის,
მაგრამ ქართველ პოეტთა სასახელოდ უნდა ითქვას: თემატიკით მსგავს ლექსებში ორიგინალური
ტონი და ხმა ისმის.
ბაგრატის ტაძარი-სიწმინდე, დიდება და ისტორია
ჩემი ქალაქისა - მარადიული თემაა და მაინც თვალშეუდგამ სიმაღლეზე აუყვანია. მისი შემქმნელი
მეფე-მებრძოლი ოთარ ჭილაძის ოსტატურ სიტყვას.
სვეტის ფუძეზე ჩამომჯდარა ბაგრატის ლანდი,
უხმოდ, უსკიპტროდ, უგვირგვინოდ დამჯდარა იგი,
უხმლოდ, უსკიპტროდ, უგვირგვინოდ...ამ უძველესი
ტაძრის დარაჯი გეგონებათ ერთი შეხედვით...
,,წარსულის დღეთა, დიდების დღეთა ყოველი კეთილი
თანა წარიღეს? - არა, არიან თანამედროვენი, კალამი რომ უჭრით და ღირსეულადაც აგრძელებენ
წინაპართა გზას.
მათ შეუძლიათ ომახიანად უპასუხონ კითხვას.
,,ჰეი,ვინ მოდის მანდ
მომავლიდან?“ - ეს ჩვენ მოვდივართ!
და მაინც მსურს ლადო
ასათიანის სიტყვებით დავასრულო ქებათაქება ქუთაისისა...
,,რიონის პირად კი ქუხს ქალაქი, ათას ჭირსა და ლხინში
ნაგები,
ყველგან ნახევრად ღიაა კარი და ციმციმებენ ჩიჩილაკები,
მხოლოდ ბაგრატის ტაძრის ნანგრევნი გარინდებულან
მკვდრულ მყუდროებით,
მათ შთაგინერგეს შენ სიყვარული,ყრმაო,გარდასულ
იმა დროების.“
გამოყენებული
ლიტერატურა: _ ,,ჩემი რჩეული ტომეული“-გამომცემლობა ,,პალიტრა“ 2012
ინტერნეტი-https://www.google.ge/search?biw=1920&bih=920&tbm=isch&sa=1&ei=dA8aXOjYDuLGrgSM_4joBg&q=+%E1%83%92%E1%83%90%E1%83%91%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1+%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%99%E1%83%98&oq=+%E1%83%92%E1%83%90%E1%83%91%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1+%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%99%E1%83%98&gs_l=img.3..35i39.5463.5463..9033...0.0..0.106.106.0j1......1....1..gws-wiz-img.jtfQ59JsA30
ინტერნეტი-https://www.google.ge/search?biw=1920&bih=920&tbm=isch&sa=1&ei=dA8aXOjYDuLGrgSM_4joBg&q=+%E1%83%92%E1%83%90%E1%83%91%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1+%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%99%E1%83%98&oq=+%E1%83%92%E1%83%90%E1%83%91%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1+%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%99%E1%83%98&gs_l=img.3..35i39.5463.5463..9033...0.0..0.106.106.0j1......1....1..gws-wiz-img.jtfQ59JsA30
Комментариев нет:
Отправить комментарий